თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ ფორმით, რასაც შეთანხმება ითვალისწინებს
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ ფორმით, რასაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ითვალისწინებს.
„საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს უნდა დაინიცირდეს. პირველ რიგში, ტექსტი უნდა ვნახო. საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად უნდა ასახავდეს იმ შეთანხმებას, რომელზეც ყველამ ხელმოწერა დავაფიქსირეთ. აუცილებლად დავუჭერ მხარს, თუ ეს ყველაფერი იქნება წარმოდგენილი ამ დოკუმენტში. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ამ შემთხვევაში, დოკუმენტს ჩემი სრული მხარდაჭერა ექნება, წერილობით მაქვს დაფიქსირებული იმ დოკუმენტში, რომელიც ელჩების მეშვეობით და დახმარებით შედგა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ამასთან, რაც შეეხება თბილისში არსებულ ოლქებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებულ პოზიციებს, ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ ოლქების ნაწილი კონსტიტუციაში არ შედის.
„ეს კანონში ცალკე იქნება შესატანი, საარჩევნო კოდექსში იქნება განსასაზღვრი. შეთანხმებას, რომელსაც ხშირად ვახსენებთ, საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრავს ჩარჩოს და დიდი მანიპულირების საშუალებას არ იძლევა, იმდენად მკაფიოდ არის განსაზღვრული პრინციპები, რომელიც უნდა იყოს დაცული განაწილების დროს. ყველამ ვიცით, რომ ოლქები სერიოზულად მახვილდება. 73-ის ნაცვლად 30 იქნება. სხვაობა ოლქებს შორის, ანუ მოსახლეობას შორის, არ უნდა იყოს 15 პროცენტზე მეტი. ეს არის საერთაშორისოდ და ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი და ეს წესი დაცული უნდა იყოს. გამონაკლისები შეიძლება იყოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ფიზიკურად შეიძლება იყოს შეუძლებელი მოსახლეობის პროპორცია ზუსტად ისე განაწილდეს, რომ 15 პროცენტში ჩაჯდეს.
მეორე გამონაკლისი შეიძლება იყოს უმცირესობებით დასახლებული რეგიონები. ეს არის ის პრინციპები, რომელიც იმდენად ზღუდავს სივრცეს, როგორ შეიძლება ოლქების განაწილება, თუკი ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ შეხვედრაზე ერთად დასხდებიან, ვფიქრობ, რომ ამაზე შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეთ. ჩარჩო არის ძალიან მკაფიო და პრინციპები ძალიან ნათელია. ამაზე საჯაროდ ერთმანეთთან შორიდან ლაპარაკის ნაცვლად სამუშაო შეხვედრა რომ შედგეს, მარტივად შეძლებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია ამ საკითხზე ჩამოყალიბებას. ეს ნამდვილად არ გახდება დიდი განხეთქილების ვაშლი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.