თამარ ჩუგოშვილი - მილიონობით საბიუჯეტო თანხა იფლანგება სხვადასხვა ორგანიზაციასა და პირებზე, რომლებიც რეალურად პარტიულ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ
მილიონობით საბიუჯეტო თანხა იფლანგება სხვადასხვა ორგანიზაციასა და პირებზე, რომლებიც რეალურად პარტიულ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარტიების დაფინანსების საკითხი ფუნდამენტურად შესაცვლელია.
„წლების განმავლობაში ძალიან მანკიერი სისტემა ჩამოყალიბდა. რეალურად პარტიები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში პარტიული სისტემა განვითარდეს, ჩვენ ეს სურათი ვერ მივიღეთ. საბიუჯეტო თანხა, მილიონობით ლარი იხარჯება და იფლანგება სხვადასხვა ორგანიზაციასა და პირებზე, რომლებიც რეალურად პარტიულ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ. 19 სუბიექტთან მიდის ასეთი დაფინანსება და ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს გაუჭირდება 19 პოლიტიკური პარტია ჩამოთვალოს. ეს არის იმის ყველაზე ნათელი ინდიკატორი, რომ პარტიების დაფინანსების წესი არასწორია. პარლამენტში შექმნილია საარჩევნო სამუშაო ჯგუფი, რომლის უახლოესი შეხვედრა 8, 9 და 10 ივლისს გაიმართება. სხვა საკითხებთან ერთად ვიმსჯელებთ პარტიებში დაფინანსების წესის შეცვლაზე ისე, რომ დაფინანსება იყოს სამართლიანი და ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარტიული სისტემა იყოს გამართული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.