თამარ ჩუგოშვილი - უმრავლესობა ყალბ ამბებს უკავშირებს კონკრეტულად სამ ტელევიზიას, მაინტერესებს, როგორ აისახება ეს საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან საპარლამენტო არჩევნების შეფასებაზე
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ინტერესდება, რას უპირისპირებს ანტიდასავლურ პროპაგანდას აღმასრულებელი ხელისუფლება. ამის შესახებ დეპუტატმა შეკითხვა დაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოდის.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში უმრავლესობისა და მმართველი პარტიის მხრიდან ხშირია ე.წ. ფეიკ ნიუსებზე საუბარი და შესაბამისად, მეც ამ თემას მინდა შევეხო. ზოგადად, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ანტიდასავლური პროპაგანდა მართლა სერიოზული პრობლემაა ამ ქვეყნისთვის, თუმცა ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც უმრავლესობა საუბრობს დეზინფორმაციაზე და ყალბ ამბებზე, საერთოდ არ არის კავშირში იმ თემასთან, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრივად უნდა გვადარდებდეს.
ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში – თუ შეიძლება, მოგვაწოდოთ მეტი ინფორმაცია ზოგადად, ანტიდასავლურ პროპაგანდას, როგორც სერიოზულ პრობლემას ჩვენი ქვეყნისთვის, რას უპირისპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენ რამდენადაც გავაკეთეთ საპარლამენტო მოკვლევა, აღმოჩნდა, რომ სრულიად არაეფექტურია შესაბამისი უწყებების საქმიანობა და მაინტერესებს, რაიმე სიახლე ხომ არ არის და თუ რამე კეთდება, თუ შეიძლება, რომ კონკრეტულად გვითხრათ, ზოგადი ფრაზების გარეშე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ამასთან, ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ფეიკ ნიუსებთან დაკავშირებით გააქტიურებული საუბრების შესახებ, რომელსაც ისინი სამ ტელევიზიას უკავშირებენ.
„მეორე კითხვა შეეხება უკვე იმას, რა კონტექსტშიც უმრავლესობა საუბრობს ყალბ ამბებზე და ამ კონტექსტს უკავშირებს კონკრეტულად სამ ტელევიზიას. როგორც ჩანს, ეს ახალი საარჩევნო სტრატეგიაა და, როგორც ჩანს, ეს ხაზი გაძლიერდება, გაგრძელდება. როგორ ჩანს, გუშინ რაღაც ახალი ფაზა გაიხსნა საარჩევნო კამპანიის და სამიზნე აღმოჩნდა ის სამი არხი, რომლებსაც ხელისუფლება არ მიიჩნევს მასთან აფილირებულად და მიაჩნია ოპოზიციურ არხებად. იმ პირობებში, როდესაც თავად ხელისუფლებას მედიის დიდი ნაწილი საკმაოდ დაახლოებული ჰყავს და ზოგიერთს აქტიური პროპაგანდისთვის იყენებს, ხოლო სოციალური ქსელების ნაწილის გაუქმება დასჭირდა „ფეისბუქს“ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური თუ რაღაც სხვა ტიპის პროპაგანდა, მათ შორის ანტიდასავლურიც, ამის ტემპი ცოტა შეენელებინა, თქვენი აზრით, ეს საარჩევნო სტრატეგია და ის ყველაფერი, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, როგორ აისახება, თქვენი აზრით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შეფასებაზე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.