თამარ ჩუგოშვილი - ლადო კახაძე ღირსეული ადამიანია, რომელსაც სწორი პოზიციები აქვს, მეორე ტურის შედეგებში დარწმუნებული ვართ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურისთვის მობილიზაცია ექნება.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, მთაწმინდაზე დიდ ვნებათაღელვას არ ელოდება, თუმცა „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებთან აქტიურ მუშაობას წარმართავს.
„პოლიტიკურ თანამდებობის პირებისა და მინისტრების არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა საარჩევნო პროცესში აქტიური იყვნენ, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. გამიხარდება, თუ ისინი მთაწმინდის არჩევნებზე აქტიური იქნებიან. შედეგებში დარწმუნებული ვართ იქედან გამომდინარე, რომ პირველ ტურში ჩვენს კანდიდატს ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა და ეს ძალიან დაბალი გამოცხადების პირობებში მოხდა. ბევრ ამომრჩეველს საკუთარი ნება არ დაუფიქსირებია, ოპოზიციურმა ელექტორატმა კი, თავის ნება სრულად დააფიქსირა და ჩვენი მხარდამჭერები ან ნეიტრალური პოზიციის მქონე მოქალაქეები არ გამოცხადებულან“, – განაცხადა დეპუტატმა.
კითხვაზე, როგორი დეპუტატი იქნება ლადო კახაძე, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება კარგი კანონმდებელი და რომელი შეძლებს თავისი ფუნქციის შესრულებას.
„ლადო კახაძე ძალიან ღირსეული ადამიანია, რომელსაც სწორი პოზიციები აქვს და პოლიტიკურ პროცესში სწორი პოზიციონირება არის მნიშვნელოვანი. მთაწმინდაზე დიდ ვნებათაღელვას არ ველოდები, თუმცა ამომრჩევლებთან აქტიური მუშაობა იქნება და ისინი საკუთარ ნებას მშვიდად დააფიქსირებენ. მთაწმინდაზე ერთი საპარლამენტო მანდატია და როგორც ჩანს, ამომრჩეველმა მიიჩნია, რომ ეს პოლიტიკურ ლანდშაფტს დიდად არ ცვლის. ამიტომ ინტერესი შედარებით ნაკლები იყო, მაგრამ რადგან მეორე ტურია, ამომრჩევლის გამოცხადებაც უფრო მაღალი იქნება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თბილისში, მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.