თამარ ჩუგოშვილი - ხელისუფლებას რეალურად თუ ექნება მოლაპარაკების სურვილი, ჩვენ განვიხილავთ სხვა ვერსიებს, შემოთავაზებული მოდელები უკეთეს გარემოს არ ქმნის
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს.
მისი თქმით, სწორედ ამაზე მეტყველებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავასთან დაკავშირებული მოვლენები.
ჩუგოშვილის აზრით, არჩევნები დღეს მოქმედი შერეული სისტემით ჩატარდება.
„ყველა ნიშანია იმის, რომ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით რეალურად რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს. უგულავასთან დაკავშირებული მოვლენებიც სწორედ ამას მოწმობს. ალბათ უკვე გვაქვს ის რეალობა, რომ არჩევნები დღეს მოქმედი სისტემით, 73/77 ჩატარდება“ ,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება მმართველი გუნდის შეთავაზებას 100/50-ზე, ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ ეს ძალიან მცირედი კომპრომისია.
„ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ერთჯერადად და თუ ამ ნორმის მოქმედება 2020 წლის არჩევნებს არ გასცდება. ვიცით, რომ ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, 2024 წლამდე მოქმედებდეს 100/50-ზე მოდელი, რაც კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის გაუარესება იქნება“ ,- განაცხადა თმარ ჩუგოშვილმა.
ამასთან, ჩუგოშვილის განმარტებით, გაუჭირდებოდა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ შემოთავაზების გაზიარებაც.
„თუ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას მართლაც უნდა მოლაპარაკება, ასეთ პროცესში ჩვენ განვიხილავთ რაიმე ვერსიებს, მაგრამ რაც არის შემოთავაზებული, ის უკეთეს გარემოს არ ქმნის.
უნდა ვიცოდეთ ის, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერს არ ვეხებით, არ ემუქრება საფრთხე და შეცვლა“ ,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.