თამარ ჩუგოშვილი - დავით კირკიტაძის დანაშაული მთელმა საქართველომ ნახა
კადრებში ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩანს დავით კირკიტაძის დანაშაული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ კარგად ნახა, რას აკეთებდა დავით კირკიტაძე.
„მისი დანაშაული მთელმა საქართველომ ნახა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. აღკვეთის ღონისძიებებისთვის კონკრეტულად რა სასჯელს და ზომებს გამოიყენებს, ეს სასამართლოს შესაფასებელია. მე მივესალმები იმას, რომ მსგავსი ქცევა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, პოლიციელების თუ სამართალდამცველების მხრიდან, დაუსჯელი არ რჩება.
სამართალდამცავების მიმართ მკაფიო სისხლის სამართლის დანაშაულებს პირდაპირ ეთერში ჩადიან. ამას არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა არ დაუშვებს. მე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მინახავს პოლიციელის მიმართ მოქალაქემ საკუთარ თავს რისი უფლება შეიძლება მისცეს. ასეთ რამ რომ მოხდეს, რაც საქართველოში მოხდა, ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში პასუხი უმკაცრესი იქნებოდა. ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ჩვენთან ხდება ხოლმე. რა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზეა საერთოდ ლაპარაკი, არ მესმის. კადრებში ვნახეთ, ადამიანი რას აკეთებდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.