თამარ ჩუგოშვილი - გამიხარდა, რომ პარლამენტში დღეს ვნახე კოლეგები, რომლებიც ორი წელია, არ მინახავს
თამარ ჩუგოშვილი - გამიხარდა, რომ პარლამენტში დღეს ვნახე კოლეგები, რომლებიც ორი წელია, არ მინახავს

გამიხარდა, რომ პარლამენტში დღეს ვნახე კოლეგები, რომლებიც ორი წელია, არ მინახავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილის თქმით, ახალი რეგლამენტით პარლამენტის წევრების დასწრების საკითხი საკმაოდ გამკაცრებულია.

„პირველი კვირა არის, როცა ახალი რეგლამენტის ამოქმედება სრულად გვიწევს. პარლამენტის წევრების პლენარულ და საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობა საკმაოდ გამკაცრებულია. რაც ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, დასწრება უპრეცედენტოდ მაღალია. ამხელა კვორუმი მხოლოდ გახსნისას გვქონდა. მკაფიოდ და ნათლად არის გაწერილი, როგორ კონტროლდება დასწრება, ეს ყველაფერი დაცული იქნება. გამიხარდა, რომ ვნახე კოლეგები, რომლებიც ორი წელია, არ მინახავს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღეს მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში იმართება. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სიტყვით წარდგა, რაც ახალი რეგლამენტით პირველად მოხდა და როგორც პარლამენტში აცხადებენ, მკვიდრდება ახალი ტრადიცია საპარლამენტო ცხოვრებაში, ახალი კონსტიტუციითა და რეგლამენტით ახალ ეტაპზე გადადის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა.