თამარ ჩუგოშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის, ენერგია იქით მიმართეთ
ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის, იქით მიმართეთ ენერგია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი წერს.
„დღის ბოლოს პირველად მოვიცალე „ფეისბუქში“ შემოსახედად და აღმოვაჩინე უცნაური აჟიოტაჟი ჩემი განცხადების გარშემო, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, ანუ მთელი ჩვენი ტერიტორიით უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ასევე, რომ ქვეყნის მთავარი მიზანია, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ორივე მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზები პარტნიორებთან ერთად უნდა ვეძებოთ.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, შოკისმომგვრელი ამ განცხადების რომელი ნაწილია და განსაკუთრებით ის ხალხი რატომ ილანძღება, ოკუპაციას რომ ებრძვის.
ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის, იქით მიმართეთ ენერგია.
თუ უსაგნო ლანძღვა გგვრით სიამოვნებას, არც ეგაა პრობლემა, შეგიძლიათ, გააგრძელოთ“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, კონფერენციაზე გუშინ გამართული დისკუსია არ ნიშნავს ნატო-ს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატო-ს მიმართ. „ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამ თემაზე სპეკულაციები ზედმეტია და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.