თამარ ჩუგოშვილი - ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამ თემაზე სპეკულაციები ზედმეტია და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამ თემაზე სპეკულაციები ზედმეტია და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება

კონფერენციაზე გუშინ გამართული დისკუსია არ ნიშნავს ნატო-ს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატო-ს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„გუშინდელი შემთხვევა იყო დისკუსია, სადაც კონფერენციაში მონაწილე არა ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამ პროცესის სერიოზული ცოდნა და გამოცდილება, ​განიხილავდნენ სხვადახვა შესაძლებლობას გულშემატკივრების პოზიციიდან, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მიუახლოვდეს ნატო-ს წევრობას;  როგორ გახდეს ეს რეალისტური იმ პირობებში, როცა გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული და ვართ მუდმივად ამ ოკუპაციის, წნეხის ქვეშ. ამ კუთხით იყო დისკუსია და არ ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებდა ასეთ ვნებათაღელვას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი დისკუსია არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ნატო-ს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატო-ს მიმართ.

„საქართველოს პოლიტიკა და ამოცანა არის, გახდეს ნატო-ს წევრი საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებში და ფარგლებში მთლიანად, სრულად, ნუ მთლიანად ჩვენი ტერიტორიით და ნატო-ს სურვილიც არის ეს, მას შემდეგ, რაც გარკვეული წინაღობები დაიძლევა. ეს წინაღობები როგორ დაიძლევა და რანაირად, ეს უკვე არის გლობალური პოლიტიკის, საქართველოს მუშაობის, ნატო-ს მუშაობისა და ასე შემდეგ საკითხი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელი განცხადება არ არის ნატო-ს ოფიციალური შემოთავაზება.

„ეს არ ყოფილა ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენელი. მან აზრი შესთავაზა საქართველოს სამსჯელოდ, მეტი არაფერი. დამშვიდდით, დაწყნარდით, საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ნატო-სთან თავსებადობა გვქონდეს მაღალი, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე წინ არის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წასული და ამას აღიარებს ყველა, ნატო-ც და საერთაშორისო პარტნიორებიც. ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამიტომ სპეკულაციები და კუდის მობმები ამ თემაზე არის სრულიად ზედმეტი და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, გუშინ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

დატოვე კომენტარი