თამარ ჩუგოშვილი - ბოლო დროს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშებში ფაქტობრივ შეცდომებს მოუხშირა
თამარ ჩუგოშვილი - ბოლო დროს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშებში ფაქტობრივ შეცდომებს მოუხშირა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბოლო დროს, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს თაობაზე მომზადებულ ანგარიშებში ფაქტობრივი შეცდომების დაშვება მოუხშირა.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, მან არ იცის, სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშის მომზადებისას ვის ინფორმაციას დაეყრდნო.

„სამწუხაროდ, არ ვიცი, მათთვის ინფორმაციის წყარო რა არის, საელჩოა თუ სხვადასხვა ორგანიზაციები არიან, მაგრამ ამ ბოლო დროს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშებში ფაქტობრივი შეცდომების დაშვება მოუხშირა, რაც უბრალოდ არ არის სასარგებლო საქმისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ. მაგალითად, წერია ისიც, რომ ფულის გათეთრების ნაწილია და წერია ისიც, რომ ქვეყანაში მარიხუანას კულტივაცია ლეგალურია, რაც ასე არ არის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების, მარიხუანას კულტივაცია ლეგალური არ არის. როგორც ჩანს, რაღაც ფაქტობრივი შეცდომებიც არის, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყანაში ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები რომ არსებობს, ამაზე ყველაზე მეტი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტისგან კი არა, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ მისი ერთ-ერთი საპარლამენტო გამოსვლისას. მან დაასახელა რა იყო ნარკოდანაშაულის  სამი ძირითადი წყარო, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად და წარმატებით მუშაობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.

„ასევე ვიცით, რომ სამინისტროს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს თავის პარტნიორებთან შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის უხერხული შეცდომა, რაც ანგარიშში დაშვებულია, აღარ განმეორდეს. ასევე ითანამშრომლებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ნარკოდანაშაული შემცირდეს. რაც შეეხება ფული გათეთრებას, ზოგადად, ამ სახის დანაშაული ძალიან მძიმე კატეგორიის დანაშაულია და რთულად გამოსავლენია. იცით, როცა გამოძიება იწყება, თითოეული შემთხვევა როგორ ხმაურით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საბანკო სისტემას ეხება. ზოგადად, ქვეყანაში ნარკოდანაშაულის პრობლემა რომ არის და ამის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალოვანი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, ეს ზუსტად ვიცი, რადგან არაერთი საპარლამენტო განხილვა გვქონია. რაც შეეხება კიბერსივრცესა და ფინანსურ სისტემაში ამ ყველაფრის ბრუნვას, ეს ჩემი კომპეტენციის მიღმაა და არ მინდა, კომენტარი იმაზე გავაკეთო, რაზეც საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მას სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ამ ნაწილზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ შენიშვნები არ აქვს, რადგან არ იცის ამ ინფორმაციის წყარო.

„შეიძლება, შეცდომა ყველამ დაუშვას. შეიძლება, არასწორი ინფორმაცია იყოს, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშებშიც, ამაში ტრაგიკული არაფერია. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად ამ ანგარიშისთვის წყაროების მოგროვება რა ფორმით და როგორ ხდება, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კომპეტენცია. თუ მათთან კომუნიკაცია გექნებათ, გიპასუხებენ, რატომ შეიძლება, უზუსტობები აღმოჩნდეს ხოლმე მსგავს მნიშვნელოვან ანგარიშში“, – დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველოში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა“.

ამასთან, გასული წლის ზაფხულში საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული იყო კანონპროექტი კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირების შესახებ, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ამის გამო, კანონპროექტი უკან გაიწვიეს.