თამარ ჩუგოშვილი - არსებულ ვითარებაში, არჩევნებამდე პარტიების დაბლოკება სრულიად გაუგებარი მოთხოვნაა
თამარ ჩუგოშვილი - არსებულ ვითარებაში, არჩევნებამდე პარტიების დაბლოკება სრულიად გაუგებარი მოთხოვნაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, არჩევნებამდე პარტიების ბლოკებად ჩამოყალიბება გაუგებარია. მისი თქმით, ბუნებრივი ბარიერი და ბლოკები ფაქტობრივად გამორიცხავს ერთმანეთს.

„არავინ ზღუდავს და სწორიც არის, ასე ხდება მსოფლიოში ყველგან, არჩევნების შემდეგ პარტიები ბლოკდებიან პარლამენტში, ანუ ეს თანამშრომლობა ხდება მას შემდგომ, რაც პოლიტიკური ძალა შევა პარლამენტში. ჩვენ 2020-ში ფაქტობრივად ბარიერი არ გვექნება, ანუ 11 000-12 000 ამომრჩევლის ხმა საკმარისია, რომ პარტიის წარმომადგენელი მოხვდეს პარლამენტში. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, არჩევნებამდე დაბლოკება სრულიად გაუგებარი მოთხოვნაა ჩემთვის. თუ ამდენ ხმას ვერ აგროვებს პოლიტიკური ძალა, რატომ უნდა ჰქონდეს მას პრეტენზია, რომ ის წარმოადგენდეს ქართველ ხალხს პარლამენტში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.