თამარ ჩუგოშვილი - არ მგონია, რომ არავის დავუჭიროთ მხარი, თუ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებს საერთოდ გამოეთიშება, ეს საზოგადოებისთვის დამაბნეველი იქნება
თამარ ჩუგოშვილი - არ მგონია, რომ არავის დავუჭიროთ მხარი, თუ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებს საერთოდ გამოეთიშება, ეს საზოგადოებისთვის დამაბნეველი იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დღევანდელი პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდება ცნობილი, ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, წინასწარ ვერ ისაუბრებს, რომელ კანდიდატს დაასახელებს მმართველი გუნდი.

ამასთან, ჩუგოშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე არავის დაუჭერს მხარს. მისი განცხადებით, ეს საზოგადოებისთვის დამაბნეველი იქნება.

„წინასწარ ბუნებრივია, ვერ დავასახელებ, რომელ კანდიდატზე გავაკეთებთ აქცენტს. 17:00 საათის შემდეგ საზოგადოებას მეტი ეცოდინება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა ჰყოლოდა „ქართულ ოცნებას“ თავის კანდიდატი, თუ უნდა დაეჭირა მხარი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. რაც შეეხება კანდიდატების სიას, როგორც გავიგე საკმაოდ დიდია, 40-ზე მეტი ადამიანია ამ სიაში, ყველას ალბათ არ განვიხილავთ, მაგრამ ამ კანდიდატებიდან უნდა წარმოვადგინოთ ერთი.
გააჩნია, რამდენ ხანს გაგრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს გასაჯაროვდება გადაწყვეტილება.

არ მგონია, რომ არავის დავუჭიროთ მხარი, ძალიან დამაბნეველი იქნება საზოგადოებისთვის, თუ „ქართული ოცნება“ საერთოდ გამოეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებს. ვფიქრობ, რომ მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ თავის პოზიცია უნდა დააფიქსიროს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.

პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე იმსჯელებენ, რა ფორმით ჩაერთვება „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი.