რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, დღეს გაირკვევა
რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, დღეს გაირკვევა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.

პირველი არხის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა 17:00 საათზე დაინიშნა.

პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე იმსჯელებენ, რა ფორმით ჩაერთვება „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდა.

ცესკო-ში სულ 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია.

კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა 10 დღის ვადაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

ამ დროისთვის პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატია რეგისტრირებული: მიხეილ გელა სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”; ზვიად ბაღდავაძე –  „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო”; შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”; დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; გრიგოლ ვაშაძე  – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ირაკლი გორგაძე – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი