თამარ ჩუგოშვილი - ამომრჩევლების მობილიზება და უბნის გარეთ აგიტაცია კანონით დაშვებული ქმედებაა
თამარ ჩუგოშვილი - ამომრჩევლების მობილიზება და უბნის გარეთ აგიტაცია კანონით დაშვებული ქმედებაა

ხმის ფარულობა ქვეყანაში არის სრულიად დაცული, რასაც უზრუნველყოფს დაცული საარჩევნო უბანი, სადაც ნების გამოვლენა ხდება, ამაში ვერ ჩაერევა ვერავინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ორივე პოლიტიკური ძალა, თავისი ამომრჩევლის მობილიზაციას კანონის ჩარჩოებში ახდენს და აქ უკანონო არაფერი არ არის.

„პარტიის კოორდინატორებს ამომრჩევლების არანაირი პირადი მონაცემები, რომელიც კანონით შეიძლება იყოს შეზღუდული ან აკრძალული, არ აქვთ. რაც შეეხება ამომრჩეველთა მობილიზაციას, ეს ქმედება არ არის უკანონო. ხმის ფარულობა ქვეყანაში არის სრულიად დაცული, რასაც უზრუნველყოფს დაცული საარჩევნო უბანი, სადაც ნების გამოვლენა ხდება, ამაში ვერ ჩაერევა ვერავინ, ეს არის სრულიად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ამომრჩევლის მობილიზებას და მხარდამჭერებისადმი მოწოდებას, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ, დააფიქსირონ თავისი სურვილი, ამაში უკანონო არაფერი არ არის”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ამომრჩევლების მობილიზება და უბნის გარეთ აგიტაცია კანონით დაშვებული ქმედებაა.

„ჩვენს კანონში არის ერთადერთი ჩანაწერი აგიტაციის აკრძალვასთან დაკავშირებით და ამბობს იმას, რომ თვითონ საარჩევნო უბანზე არის აკრძალული აგიტაცია და ეს ძალიან მკაფიოდ არის დაფიქსირებული საარჩევნო კანონმდებლობაში. სხვა შეზღუდვა არც აგიტაციასთან, არც მობილიზაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ამომრჩეველი შედის უბანზე და ხმას აძლევს, ეს პროცესი იყოს დაცული. ამომრჩეველთა მობილიზება ყველა პოლიტიკური ძალისთვის არის მნიშვნელოვანი, მხარდამჭერების მოწოდება, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და უკანონო ამაში არ არის არაფერი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.