თამარ ჩუგოშვილი - აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია და სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირ შედეგს არ წარმოშობს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ჩუგოშვილმა განუცხადა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არაფერს ნიშნავს.
„ე.წ. არჩევნებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს, რადგან ეს ტერიტორიები მსოფლიოს მიერ არ არის აღქმული და ცნობილი როგორც დამოუკიდებელი. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება. მიმდინარე პროცესები არალეგიტიმურია და სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირ შედეგს არ წარმოშობს. ეს არის ფარსი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას განცდას უჩენს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს. ამ არჩევნებს არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი არ ექნება, ვიდრე ეს ტერიტორიები მიჩნეულია საქართველოს სუვერენულ და განუყოფელ ნაწილად, რომელიც ჩრდილოელი, მტრულად განწყობილი მეზობლის გამო არ არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი და ვერ ხვდება საქართველოს ხელისუფლების სრული კონტროლის ზონაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი. რეგიონში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. მეორე ტური მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.