თამარ ჩუგოშვილი - 13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ უფრო პოლიტიკურ შეფასებას ჰგავდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ უფრო პოლიტიკურ შეფასებასა და განცხადებას ჰგავდა.
„მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ამ პირების მიმართ, მაგალითად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოსწონთ საარჩევნო კამპანიას როგორ აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, ეს არასამთავრობოებისა და საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასების საგანი არ არის. ეს არის პოლიტიკური განცხადება და შეფასება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მესამე სექტორის როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ხელისუფლებისთვის ამ სექტორთან მუშაობა საკმაოდ მძიმეა ხოლმე. ადრეც იყო ასეთი პრობლემები. არის ხოლმე რაღაცები და ეს ნორმალურია, რაშიც არ ვეთანხმებით. შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ არასწორი შეფასებებია, მაგრამ ჩემი პოზიცია არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით არის შემდეგი: ვფიქრობ, ისინი არიან განუყოფელი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების. ზოგჯერ შეიძლება მწვავე, ზოგჯერ შეიძლება არასწორი შეფასებებითაც, მაგრამ, მათი როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ვაფასებ მათ მუშაობას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
13-მა არასამთავრობო ორგანზიაციამ გაავრცელა ერთობლივი განაცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასთან დაკავშრებით
აღნიშნა, რომ როდესაც 13 არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, 2012 წლამდე სასამართლოში იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე დღეს არისო, ისინი არიან უტიფრები. „ისინი კომიკურ ჩანაწერებს უწოდებენ იმას, რომ თურმე კორუფციის პრობლემაა ქვეყანაში, მტკიცებულების გარეშე – არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, „ნაცმოძრაობა“ ხომ არ ხარ, პოლიტიკური პარტია ხომ არ ხარ მართლა, ფორმალურად მაინც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.