თამარ ჩუგოშვილი – 13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ უფრო პოლიტიკურ შეფასებას ჰგავდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ უფრო პოლიტიკურ შეფასებასა და განცხადებას ჰგავდა.
„მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ამ პირების მიმართ, მაგალითად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოსწონთ საარჩევნო კამპანიას როგორ აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, ეს არასამთავრობოებისა და საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასების საგანი არ არის. ეს არის პოლიტიკური განცხადება და შეფასება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მესამე სექტორის როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ხელისუფლებისთვის ამ სექტორთან მუშაობა საკმაოდ მძიმეა ხოლმე. ადრეც იყო ასეთი პრობლემები. არის ხოლმე რაღაცები და ეს ნორმალურია, რაშიც არ ვეთანხმებით. შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ არასწორი შეფასებებია, მაგრამ ჩემი პოზიცია არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით არის შემდეგი: ვფიქრობ, ისინი არიან განუყოფელი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების. ზოგჯერ შეიძლება მწვავე, ზოგჯერ შეიძლება არასწორი შეფასებებითაც, მაგრამ, მათი როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ვაფასებ მათ მუშაობას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.