თამარ ბარკალაია - საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი, ამ ეტაპზე ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვია, დიდი უმრავლესობა გაყვანილია ოჯახებში
დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ ზოგადად დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ჩართულმა ყველა პარტნიორმა დააფიქსიროს საკუთარი ხედვა და აზრი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შედმეგ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი.
„ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო, რადგან როგორც საპატრიარქომ, ბუნებრივია, სახელმწიფომ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დავაფიქსირეთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ბავშვის უფლებების დაცვა. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსი, გვაქვს ოჯახის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დიდი ზომის ინსტიტუციების არარსებობაზე, ოჯახის გაძლიერებაზე და ალტერნატიული ზრუნვის ჩამოყალიბებაზე, რომელიც არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები. ამაზე ვისაუბრეთ არა მხოლოდ ნინოწმინდის კონტექსტში, არამედ ზოგადად დიდი ინსტიტუციების და დიდი ბავშვთა სახლების კონტექსტში. შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული. შესაბამისად, ჩვენ ერთად ასეთივე ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათი საუკეთესო ინტერესის გამოვლენა, მათი ოჯახში დაბრუნება და ინტეგრაცია იყოს წახალისებული, მათ შორის ნინოწმინდაშიც“, – განაცხადა ბარკალაიამ.
თამარ ბარკალაიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების შეფასება სოციალური მუშაკების მიერ, მათ შორის ადგილზე 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან სოციალური მუშაკები, როგორც გარანტი უსაფრთხოებისა.
„ასევე ჩვენ ვმუშაობთ ოჯახების მოძიებასა და გაძლიერებაზე, რათა პირველ რიგში მოხდეს ოჯახებში ინტეგრაცია და ეს პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე 23 ბავშვია ნინოწმინდაში, დიდი უმრავლესობა გაყვანილია ოჯახებში, მაგრამ ასევე არიან ალტერნატიული ზრუნვის სერვისებშიც. ეს არ უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს და ალტერნატიული ზრუნვის სერვისების მიწოდებას გულისხმობს. გამოდის, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. იქ არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ მიჯაჭვულობა იქაურ მზრუნველებთან, აღიქვამენ მათ, როგორც მშობლებს, ამიტომ მათი მყისიერი გამოგლეჯვა ეწინააღმდეგება მათ ინტერესს, ამიტომ ვმუშაობთ იმ ბავშვებზე, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები და გაგვყავს ოჯახებში. ვადები ძალიან რთულია დავასახელო, რადგან სრულად არ არის შეფასებული ყველა ბავშვის საჭიროება ისევე, როგორც მათი ალტერნატიული ზრუნვა. ჩვენ ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას. ავტომატურად მოხდება პანსიონის დახურვა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების გამოყენება. მეტი გამჭირვალობის მომტანი არის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. ზოგადად, უნდა იყოს სახალხო დამცველისთვის ხელმისაწვდომობა მონიტორინგის განხორციელების პროცესში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ, როგორც გარანტი ვართ წარმოდგენილი ამ პროცესში“, – განაცხადა ბარკალაიამ.
საპატრიარქოში კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.