საპატრიარქოში კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა
საპატრიარქოში კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო როგორც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო შექმნილ ვითარებას, ისე ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საკითხს.

„ჩვენი, საპატრიარქოს ინიციატივით შედგა დღევანდელი შეხვედრა. მოწვეულნი იყვნენ ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ეხებათ ბავშვთა უფლებები – იუნისეფი, „ვორლდ ვიჟენი“. ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა მხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იქნას გათვალისწინებული. ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი. ჩვენ ხაზგასმით გვინდა, ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება ჩვენ შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ყველა ჩვენგანმა, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს, არ მოხდეს უტრირება, არ მოხდეს რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რათა ბავშვის ინტერესები არ გადაიფაროს რაიმე სხვა ინტერესებით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, დაიხურება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი, ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის.

„დახურვაზე არ არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებთან მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.