თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მოწმის სახით გამოკითხვას უფლებადამცველები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ
ადვოკატთა ასოციაცია, მიხეილ რამიშვილი და სხვა უფლებადამცველები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ.
ისინი საკასაციო წესით იმ განჩინების გასაჩივრებას გეგმავენ, რომლის მიხედვით, მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა.
გარდა ამისა, უფლება დამცველები სასამართლოს იმ განჩინებასაც გაასაჩივრებენ, რომლის საფუძველზე მიხეილ რამიშვილის ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
მათი განცხადებით, დაირღვა როგორც საერთაშორისო კონვენციით, ასევე ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ადვოკატი არ არის ვალდებული, საკუთარი საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია გასცეს და გამოძიებას მიაწოდოს.
„მიხეილ რამიშვილის და ეკა ქობესაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო შევიკრიბეთ. ჩვენი მანდატი არაა საქმის დეტალების განხილვა, ჩვენი მიზანია, მთელი პროცესის განმავლობაში, სხვადასხვა საქმეზე დაცული იყოს ადვოკატის პროფესიის ის ძირითადი პროფესიული პრინციპები, რაც ხარისხიან მართლმსაჯულებას უწყობს ხელს. ამ მიმართულებით გარკვეული რისკისშემცველი გარემოებები გვქონდა.
იცით, რომ ამ რეზონანსულ საქმეზე ადვოკატის მობილურიდან მოპოვებულ იქნა ინფორმაცია. ადვოკატები გამოიკითხნენ, როგორც მოწმეები. როდესაც ვსაუბრობთ ხარისხიან მართლმსაჯულებაზე, ადვოკატის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადვოკატის პროფესიას კანონით აქვს დაცვის გარანტიები, კერძოდ, ადვოკატი არ შეიძლება, გამოკითხული იყოს იმ ინფორმაციაზე, რაც მას გაანდეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. ეს მისი პროფესიული საიდუმლოებისა და კონფიდენციალური მასალის დაცვის პრინციპს უკავშირდება.
ის პრაქტიკა, რომელიც ამ საქმეზე განხორციელდა, არის უმაგალითო შემთხვევა, რადგან ადვოკატები გამოკითხეს მაგისტრატ მოსამართლესთან იმ ინფორმაციაზე, რაც მათთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. აღნიშნული საკითხი რეგულირდება მრავალი საერთაშორისო აქტით და ასევე, ქართული კანონმდებლობით. ჩვენ პრინციპული პოზიცია გვაქვს, ადვოკატის გამოკითხვა და მისი პროფესიული საიდუმლოების შელახვა ან დარღვევა ცუდ შედეგებს გამოიწვევს. ამ გარემოებას რისკისშემცველად ვთვლით. ადვოკატები აპირებენ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას და ჩვენ, ასოციაცია დაკვირვებით გავაგრძელებთ მონიტორინგს“, – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი მოწმის სახით გამოკითხვისა და ტელეფონის ჩამორთმევის შემდეგ, მან ამ საქმიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე კვლავ დაბრუნდა.
ადვოკატის თქმით, მასზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის გამო, აღარ სურდა ამ საქმეში ჩართულობა. გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი გამოკითხვა კანონის მკაცრი დარღვევა იყო.
„დაველოდებით პასუხს უზენაესი სასამართლოდან. ეს მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა იქნება. იმედია, სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას სტრასბურგის სასამართლოში გადავგზავნით და იქ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში როგორც შავი ლაქა, ისე ჩაიწერება. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ის მდგომარეობა, რომ ჩემს პირად სივრცეში მოხდა შემოჭრა. ბევრ სხვა კლიენტთან იყო შემხებლობა და მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო. ლამის „წითელი ბარათი“ აქვთ ამოღებული ჩემ წინააღმდეგ. მე არ ვმალავ, რომ ამ საქმეს ჩამოვშორდი, ამიტომ არ ვჩანდი გარკვეული პერიოდი. თუმცა ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ დავბრუნებულიყავი. მე დავბრუნდი და ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.