თამარ არჩუაძე - საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, მგზავრთა მომსახურების პროცედურებში ცვლილებები შევიდეს
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა მომსახურების წესებში ცვლილება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა, ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, შესაძლოა აეროპორტში თერმოსკრინინგი მგზავრის არა მხოლოდ ჩამოფრენის, არამედ გამგზავრების დროსაც მოხდეს.
„აეროპორტში ბევრი სერვისია, აეროპორტში მისვლის შემდეგ მგზავრი გადის ბევრ პროცედურას და შემოწმებას. ესენია: რეგისტრაცია, საავიაციო უშიშროების შემოწმების პროცედურები, გადის საზღვარზე საპასრპორტო კონტროლს და ხვდება გამგზავრების დარბაზში. სავარაუდოდ თითოეულ პროცედურაზე იქნება შეცვლილი რიგის კონტროლის მექანიზმები, რათა აეროპორტში მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე, შესაძლებელია, დამატებითი სკრინინგებიც გახდეს საჭირო. ჩვენ საერთაშორისო აეროპორტები თერმოსკრინინგის საშუალებებით აღვჭურვეთ. ამ ეტაპზე თერმოსკრინინგი უტარდება მხოლოდ ჩამომფრენ მგზავრებს და მიმდინარეობს მსჯელობა, რომ იგივე პროცედურა გაიაროს გამფრენმა მგზავრმაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა რეკომენდაციები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, – განმარტავს თამარ არჩუაძე.
როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე „კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები“, თამარ არჩუაძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული სამგზავრო რეისები არ სრულდება, აეროპორტში სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა.
„მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ ეტაპზე, შექმნილი მდგომარეობის გამო, რეგულარულ სამგზავრო რეისებს არ ემსახურება, ჩვენ მაინც სულ მზადყოფნაში ვართ, რათა საჭიროების შემთხვევაში, მოვემსახუროთ ჩარტერულ და ტექნიკურ ფრენებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნას თბილისისა და ბათუმის აეროპორტები სათადარიგო აეროპორტებად. ამიტომ ადგილზე ვინარჩუნებთ იმ მინიმალურად საჭირო მორიგე პერსონალს, რომელთა ყოფნაც აეროპორტში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად აუცილებელია.
რაც შეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტებში ფრენები არ ხორციელდება. მაგრამ აეროპორტების სპეციფიკის გათვალისწინებით, თანამშრომელთა ნაწილი ადგილზე სამუშაო რეჟიმში რჩება, ვინაიდან ჩვენ ვფლობთ დიდი რაოდენობით ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობას, რაც მოვლა-შენახვით სამუშაოებს საჭიროებს“, – აცხადებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი.