თამარ არჩუაძე - პანდემიის მიუხედავად, FlyArystan-ის გარდა, საქართველოს ავიაბაზრით სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც არიან დაინტერესებული
ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო.
აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე FlyArystan-მა პირველი რეისი დღეს შეასრულა. აქტაუდან ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და FlyArystan-ის მმართველი დირექტორი ადრიან ჰამილტონ მანსი დახვდნენ.
მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
საინაუგურაციო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, DMO IMERETI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა და სხვა პირებმა.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, FlyArystan-თან რეისებისა და მიმართულებების დამატებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ავიაკომპანიასთან და კოვიდ-რეგულაციების შემცირების ფონზე განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა გაიზარდოს. მინდა, გაგახაროთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ემატება რეისები რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე, დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად იგეგმება რეისების დამატება. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებული არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც. მაგალითად, 30 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მ, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს ფრენებს, ხოლო ზაფხულში, ივლისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Eurowings დაიწყებს“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.
შეგახსენებთ, რომ FlyArystan ყაზახეთიდან საქართველოში სამი მიმართულებით იფრენს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი. ავიაკომპანიამ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა 2 მაისს განახორციელა. დღესვე, 23:00 საათზე პირველი ფრენა ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან განხორციელდება.
ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა.