თალიბები და სპორტი - ავღანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნის ისტორია #1TVSPORT
თალიბები და სპორტი - ავღანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნის ისტორია #1TVSPORT

15 აგვისტოს მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა. ამერიკისა და ნატო-ს ჯარისკაცების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ ავღანეთის ისლამურ საამიროს შექმნის.

წლების განმავლობაში ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში არსებული სტადიონი „ღაზი“ არაერთი სისასტიკის ადგილი იყო. 1996-დან 2001 წლამდე, მაშინ როცა  მოძრაობა „თალიბანი“ თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა, ამ სტადიონის შესახებ არაერთი საშინელი ისტორია ისმოდა.

იმ პერიოდში ქვეყანაში ყველანაირი სპორტი აკრძალული იყო, მაგრამ არაერთი ჟურნალისტისა და ადგილობრივი სპორტსმენის თქმით, ზოგიერთ სახეობას „თალიბანის“ მმართველობის პერიოდში არსებობა არ შეუწყვეტია და რამდენიმე მათგანმა პოპულარობაც მოიპოვა. მიუხედავად ამისა, სპორტი ავღანეთში ყველასთვის არ იყო. ქალებს მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ, კაცებს კი გარკვეული წესები უნდა დაეცვათ და შესაბამისად ჩაეცვათ. მაგალითად ფეხბურთის თამაშის დროს, მამაკაცებს გრძელი შარვალი, მაისური და წინდები უნდა სცმოდათ.

Tolo News-ისა და National TV-ის ყოფილი ჟურნალისტის საფი სტანეკზაის განცხადებით, „თალიბანი“ „ღაზის“ სტადიონზე 12-გუნდიან საფეხბურთო ტურნირს მართავდა. ამას ადასტურებს ავღანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მოჰამედ ისაკი, რომელიც თავის გუნდს „თალიბანის“ მისვლამდე კაპიტნობდა. ისაკმა ქაბული 1990 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ დატოვა და 1996 წელს დაბრუნდა. მასთან ქაბულში თალიბების მეთაური, ჰაჯი სალამი მივიდა, რომელიც ავღანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს ახალ გუნდში სათამაშოდ ეძებდა. ისაკი შეთავაზებას დათანხმდა და ახალ კლუბს შეუერთდა, რომელიც 12-გუნდიანი ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ყოველ კვირას ათასობით გულშემატკივარი ესწრებოდა თამაშებს.

1999 წელი. მოჰამედ ისაკი ზემოთ, მარჯვნივ კუთხეში

„მან ფეხბურთელებს ხელფასებიც დაგვინიშნა და გუნდის ხარჯებსაც ბოლომდე ფარავდა. შესაბამისად, ჩვენი ოჯახების დახმარებაც შეგვეძლო და პარალელურად ფეხბურთის თამაშიც. თალიბების მეთაურები ერთმანეთში თამაშის დაწყებამდე ფსონებსაც აკეთებდნენ. ისინი თამაშის დღეებში სახლში გვპატიჟებდნენ და ფილმებს გვაყურებინებდნენ“, – იხსენებს ავღანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი.

ისაკის აზრით, მას გარკვეულწილად გაუმართლა, რადგან იმ პერიოდში ქაბულში სამსახური საერთოდ არ არსებობდა, ის კი იმას აკეთებდა, რაც უყვარდა და ამაში ფულს იღებდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გემბლინგი ადგილობრივი კანონებით აკრძალული იყო, თალიბები მაინც აკეთებდნენ ფსონებს ერთმანეთში – მანქანებზე, იარაღებზე და ხანდახან სახლებზეც.

ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც „ღაზის“ სტადიონზე თამაშებს ესწრებოდა იყო BBC-ის ჟურნალისტი კეიტ კლარკი, რომელიც სტადიონზე 20 000 მამაკაცს შორის ერთადერთი ქალი იყო. მისი თქმით, თამაშებს უამრავი ჯარისკაცი ესწრებოდა, რომლებიც კალაშნიკოვის იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები.

ისაკი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 1999 წელს დაასრულა, საზარელ ამბებსაც იხსენებს. „ღაზის“ სტადიონი სიკვდილით დასჯის ადგილი იყო, შესაბამისად ფეხბურთელი იმ პერიოდში არაერთი სისასტიკის მომსწრე გახდა.

„დღესდღეობით სტადიონზე საღამოობით არავინ შედის, მათ შორის არც ჩვენ. ყველას სჯერა, რომ აქ მოჩვენებები არიან“, – განაცხადა „ღაზის“ სტადიონის მცველმა ნაბილ კარიმ.

ავღანეთმა პირველი ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა. ისაკის თქმით, სპორტმა უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის გაერთიანებაში, რითიც დაანახეს მსოფლიოს, რომ ავღანეთში მარტო ომი და სისხლი არ არის. დღესდღეობით ქვეყანაში კვლავ კრიტიკული სიტუაციაა. როგორც ვქვით, მოძრაობა „თალიბანმა“ ქაბული კვლავ დაიკავა. მათ ცოტა ხნის წინ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელეს.