„თალიბანმა“ გაათავისუფლა ამერიკელი ინჟინერი მარკ ფრერიქსი, რომელიც 2020 წლიდან ჰყავდათ მძევლად
„თალიბანმა“ გაათავისუფლა ამერიკელი ინჟინერი მარკ ფრერიქსი, რომელიც 2020 წლიდან ჰყავდათ მძევლად

მოძრაობა „თალიბანმა“ გაათავისუფლა ამერიკელი ინჟინერი მარკ ფრერიქსი, რომელიც 2020 წლიდან ჰყავდათ მძევლად. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამერიკელი ინჟინერი თალიბებთან დაკავშირებული ავღანელის, ბაშირ ნურზაიზე გაცვლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც მედიასაშუალება წერს, პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკაში 2005 წელს დაკავებული და ნარკოვაჭრობისთვის გასამართლებული ნურზაი შეიწყალა.

პრესკონფერენციაზე მოძრაობა „თალიბანის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხანმა განაცხადა, რომ მარკ ფრერიქსი ნურზაიზე ქაბულის აეროპორტში გაცვალეს. არსებული ცნობებით, გათავისუფლებული ამერიკელი უკვე დოჰაშია და თავს კარგად გრძნობს.

როგორც ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, ფრერიქსის გათავისუფლება არის აშშ-ისა და სხვა მთავრობების მუშაობის კულმინაცია.

„მარკის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები, რომლებიც წარმატებულად დასრულდა, საჭიროებდა რთულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მე მარტივად არ მიმიღია“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებაში არაფერია ნათქვამია ნურზაის გათავისუფლებაზე.

თავის მხრივ, გაერო-ს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა კატარს ფრერიქსის გათავისუფლებაში მხარდაჭერისთვის.

მარკ ფრერიქსი ვეტერანი სამხედრო მეზღვაური და ინჟინერია, ის ავღანეთში ათი წლის განმავლობაში დეველოპერულ პროექტებზე მუშაობდა. ის 2020 წლის თებერვალში გაიტაცეს.