თაკო ჩარკვიანის განცხადებით, არ აპირებს უთანხმოების შეტანას, თუმცა შეეცდება, კოლეგები დაარწმუნოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი კანდიდატია პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძე
პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გიორგი ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველასთვის ძალიან მისაღები კანდიდატი იყო, რის გამოც კოლეგებს შესთავაზა, მისი კანდიდატურა სამომავლოდ პრემიერის პოსტზე განეხილათ.
„ჩემი მიზანი არის, რომ პროცესი წავიდეს სწორად და არ იყოს ბიპოლარული. ვინაიდან გიორგი ვაშაძე ძალიან მისაღები კანდიდატი იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველასთვის, მას მიჰყავდა სამზარეულო, ნდობით ველოდებოდით ყველა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილმა 2018 წელს ძალიან კარგად მოიხსენია, ამიტომ შევთავაზე ჩემს კოლეგებს“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის განმარტებით, არ აპირებს პროცესში რაიმე უთანხმოება შეიტანოს, თუმცა შეეცდება, კოლეგები დაარწმუნოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი კანდიდატია გიორგი ვაშაძე.
„მე რამე უთანხმოებას არ შევიტან, თუმცა შევეცდები, დავარწმუნო კოლეგები, რაოდენ მნიშვნელოვანი კანდიდატია გიორგი ვაშაძე. მე ვთვლი, რომ ის არის ახალგაზრდა რეფორმატორი, რომლის წინააღმდეგაც იმ სისხლიანი ბილბორდების და უარყოფითი პიარის აგორება ვერ მოხდება“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
ამასთან, ჩარკვიანის განმარტებით, არ მოეწონა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ვაშაძის კანდიდატურა გაერთიანებულ ოპოზიციაში არც კი განიხილება.
„ნიკა მაჭუტაძის განცხადება მოვისმინე. ძალიან იმპერატიული ტონი იყო. სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვიცანი იმიტომ, რომ ასე არ ხდება მუშაობა, ასეთი კატეგორიულობა არასოდეს შემიმჩნევია. ჩვენ ორი წელია, მოვდივართ ურთულეს პოლიტიკურ ბრძოლაში, მე არ მომეწონა ჩაკეტვა, რომ არც განვიხილავთ, განიხილება თუ არა, ამას გადავწყვეტთ ჩვენ ყველა თითო პარტია, რომელიც იქ ვიღებთ მონაწილეობას. როდესაც ახალგაზრდა პოლიტიკოსი არ განიხილებას ამბობს ახალგაზრდა რეფორმატორ პოლიტიკოსზე, ცოტა უხერხული მგონია ტონალობა, ზოგადად ქართულ პოლიტიკაში ეს ტონალობა უნდა მოიხსნას“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, 19 მაისს თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ მსხვილ საფეხურზე უნდა გამოჩნდეს და პრემიერის ადგილი სწორედ ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა.
ჩარკვიანის განცხადების შემდეგ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პრემიერობის კანდიდატად მის დასახელებაზე ოპოზიციაში საუბარი ნამდვილად იყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე პარტიაში არ განიხილება, არც განიხილებოდა და არც მომავალში განიხილავენ.
ასევე, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ეყოლება პრემიერობის ერთიანი კანდიდატი, მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე.