თაკო ჩარკვიანია - ნიკა გვარამიას საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს
თაკო ჩარკვიანია - ნიკა გვარამიას საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს

ნიკა გვარამიას საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას გამოკითხვის პარალელურად, მის საგულშემატკივროდ იმყოფება.

როგორც ჩარკვიანი აცხადებს, გამოძიება უნდა შეწყდეს, რადგან პროკურატურამ ნდობა დაკარგა.

„ეს არის შერჩევითი სამართალი. მომპარავმა ხელისუფლებამ, რომელიც არ გვაგებინებს ჩვენი ხალხის ფული სად წაიღო, დაიწყო კერძო ტელევიზიის ფინანსების გამოძიება. არ გამოუძიებიათ შვილმკვდარი მამების საქმე, ასევე ვინ ჩასვა გავრილოვი პარლამენტის პირველ სავარძელში. ეს არის შერჩევითი სამართალი. ჩვენ არ ვიცით დაინტერესებულა თუ არა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებით, რომელიც გამჭვირვალე უნდა იყოს და ჩვენ არაერთხელ გამოვითხოვეთ, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის განზრახ დაზარალების საქმის დეტალები არ იცის, მაგრამ ხელისუფლებამ ისეთი უნდობლობა დათესა, რომ აქაც არ შეიძლება ნდობა.

„გამჭვირვალე ვინაიდან არ არის არაფერი ამ სახელმწიფოში და ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია გაუმჭვირვალე და ჩამოშლილია, რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს ამ საქმის გამოძიება“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით იკითხება.

საქმე ეხება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, გვარამიას მიერ კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებასა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში იგეგმება ასევე „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღება.