თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი დაფინანსების მოპოვებას ისახავს მიზნად
პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ კვლავ ითხოვს პროპორციულ არჩევნებს, რჩება „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ წევრად, თუმცა ნინო ბურჯანაძესთან ერთად ოპოზიციურ ფორმატში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
„მე ნულოვანი რუსული ორიენტაციის პარტიების რეაბილიტაციისთვის არსად არ დავჯდები. მე თუ სადმე დავჯექი მხოლოდ იმისთვის, რომ პროპორციული არჩევნები, საარჩევნო გარემო იყოს. მე ამას ისედაც მოვითხოვ. ვრჩები პროპორციული არჩევნების მოთხოვნის ერთ-ერთ ფლაგმანად. მომწონს ძალიან გერმანული მოდელი, რომელზეც ყველამ ერთად ვიმუშავეთ. პიკეტირების მომხრედ ვრჩები. ყველა აქციის მონაწილედ ვრჩები. არ ვაპირებ იქ, სადაც იქნება პუტინთან ანგარიშის ჩამბარებელი ბურჯანაძე გადაწყვეტილებები მივიღო და ჩემი ხალხი მოვატყუო“, – განუცხადა ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხს.
ამასთან, პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი დაფინანსების მოპოვებას ისახავს მიზნად.
„როდესაც ჩვენ სიმწრით შევიკრიბეთ, ძლივს დავსხედით, რადიკალურად განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანები და ვეხვეწებით ევროპას, რომ ვაიმე, ჩქარა, სწრაფად, ეგება ნატო-ში შევიდეთ, სულზე მოგვისწროს რაიმე მსხვილმა ხელშეკრულებამ მსხვილ პარტნიორთან. მთელი მსოფლიო შევძარით, რომ გვავიწროვებს ჩვენი ჩრდილო მეზობელი. რაღა ამ დროს შეიძლება აღმოჩნდეს შენი ვიზიტი მოსკოვში. დარწმუნებით ვიცი, რისთვის იყო ჩასული ქალბატონი პოლიტიკანი. იმისთვის, რომ იქ ჩაებარებინა ანგარიში მისი ხელმძღვანელობისთვის და ალბათ მის პარტიას, რომელსაც უკვე პროცენტები აღარა აქვს და შესაბამისად ფულიც მოაკლდათ, ისევ რუსეთიდან წამოეღოთ ფული, რომ მომავალ არჩევნებში ჰქონდეთ დიდი თანხა და უთხრას, ნახე – მოვახერხე რამხელა გაერთიანებაში ვარ“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.
ამასთან, პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი ამბობს, რომ ამომრჩევლების მოტყუება მისი სტილი არ არის.
„მე არ ვარ მოსული პოლიტიკიდან პოლიტიკაში. მე ვარ ოჯახიდან მოსული პოლიტიკაში და ვაპირებ ასე გაგრძელებას. აბა, განა რუსული პარტიის ცოტა მოთაღლითო ლიდერს რომ ყური ავუწიო, ამითი რა პროცესი უნდა დაზარალდეს?“, – დასძინა ჩარკვიანმა.
პარტია „კანონი და სამართალი“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ფორმატს მოსკოვში „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ვიზიტის გამო ტოვებს.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს მოსკოვში გაემგზავრა.
ამასთან,„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ იცოდა.