გიგლა ბარამიძე - ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ იცოდა, არავის აქვს უფლება, რამე აგვიკრძალოს
გიგლა ბარამიძე - ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ იცოდა, არავის აქვს უფლება, რამე აგვიკრძალოს

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი დაახლოებით, თვენახევრის წინ  დაიგეგმა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ის არ უკავშირდება.

მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიზიტის დეტალებზე ისაუბრებს.

„ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო დაახლოებით, თვენახევრის წინ. არაფრით უკავშირდება აქ მიმდინარე მოვლენებს. პერიოდულად არის ხოლმე მსგავსი ვიზიტები, არა მხოლოდ ჩრდილოეთის მიმართულებით. შაბათ საღამოს ის დაბრუნდება და მედიის წარმომადგენლები იქნება, თუ პოლიტიკური წრეები, ამის შესახებ დეტალურად მოუთხრობს. დასამალი და დასაფარი არაფერი გვაქვს. ამ ვიზიტების მიზანი არის არა სეირნობა, არამედ ეროვნული, სახელმწიფოებრივი პოზიციები და საკითხები“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ბარამიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებთან ერთადაც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი აკავშირებთ.

„რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებთანაც ერთი საკითხის გარშემო ვსხედვართ მაგიდასთან, ეს არის პროპორციული არჩევნები. მხოლოდ ეს საკითხია, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ამ ეტაპზე და საერთოდაც, რადგან  ძალიან განსხვავებული ხედვები გვაქვს ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან“ ,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ პოლიტიკურ, დროებით გაერთიანებას თავისი კოორდინატორი ჰყავს, რომელიც ვიზიტის თაობაზე, საქმის კურსში იყო. მისივე ინფორმაციით, ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის თაობაზე იცოდა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმაც.

„ჩვენ ნებართვის აღება არავისგან გვჭირდება, მითუმეტეს ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ პოლიტიკურ, დროებით გაერთიანებას ჰყავს თავისი კორდინატორი, ის საქმის კურსში იყო და მე როგორც ვიცი, პირადი საუბრებიდან რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა იცოდა ამის შესახებ. საუბარი ჰქონდა რამდენიმე ლიდერთან გუშინ, გუშინწინ ჰქონდათ გადარეკვები, იგივე გერმანულ მოდელთან დაკავშირებით; მოდიან ისინი ჩვენთან, ჩვენც მივდივართ და იყო საუბარი, რომ მე ვაპირებ წასვლას, როგორც ყოველთვის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. გაგებით უნდა მოეკიდონ, ვის აქვს უფლება, ჩვენ რამე აგვიკრძალოს, დროის სატარებლად იქ არავინ ჩადის და არავის აქვს სურვილი, ამ მანძილზე იაროს“ , – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარტიის წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება.