თაკო ჩარკვიანი - გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ მსხვილ საფეხურზე უნდა დავინახოთ, პრემიერის ადგილი სწორედ ახალგაზრდა, სუფთა წარსულის ადამიანისთვისაა
პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ მსხვილ საფეხურზე უნდა გამოჩნდეს.
ჩარკვიანის შეფასებით, გიორგი ვაშაძის შესაძლებლობები ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.
თაკო ჩარკვიანის თქმით, პრემიერის ადგილი სწორედ ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა.
„მე მინდა, ჩემი აზრი მივაწოდო საზოგადოებას, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ, მსხვილ საფეხურზე დავინახოთ. ეს ახალგაზრდა ადამიანი, ჩემი პარტიის წევრი არ არის, თუმცა მე ვხედავ მის პოტენციალს. მეც საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდები მყავს მაგალითად, ირაკლი ღლონტი და გიორგი ცობეხია, რომლებიც არ შეიძლება, რომ მომავალმა საქართველომ მართვაში არ იხილოს. ნორმალური ქვეყანა დაკარგავს ახალგაზრდა გიორგი ვაშაძეს? ვერც დანა–ჩანგლებს მიაძახებენ და ვერც უშიშროების საბჭოს მდივნობას. ამ ბიჭმა გააკეთა იუსტიციის სახლი, რომელიც ევროპაში სალაპარაკო გახდა. ის არის მოწესრიგებული, საოცარი ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი ინსტიტუცია ანდო. მივესალმები და დიდ პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი იყო და ახლაც ასე მივიჩნევ, მაგრამ არის პრემიერის ადგილი, რომელიც ზუსტად ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა“, – აღნიშნავს თაკო ჩარკვიანი.
ჩარკვიანის განცხადებას პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.