თაკო ჩარკვიანი - დიდი ხანია, ბურჯანაძე-ინაშვილის პოზიცია ოკუპანტის მომხრეობაა, ხან ერთი დადის კოსაჩოვთან, ხან მეორე
თაკო ჩარკვიანი - დიდი ხანია, ბურჯანაძე-ინაშვილის პოზიცია ოკუპანტის მომხრეობაა, ხან ერთი დადის კოსაჩოვთან, ხან მეორე

მიკვირს, დღეს დაინახეს „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია, ამდენი ხანია ბურჯანაძე-ინაშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ოკუპანტის მომხრეობა, ხან ერთი დადის კოსაჩოვთან, ხან- მეორე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თაკო ჩარკვიანმა „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, როგორც ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთთან დიალოგის უფლება აქვს მხოლოდ დასავლეთის მომხრე ვექტორის ხელისუფლებას, რომელსაც ხალხმა ლეგიტიმური მანდატი მისცა.

„წარმოუდგენელი ამბავია ეს, მაგრამ არ მიკვირს. თქვენ იცით ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ოპოზოციაშიც კი იმიტომ წავედი 2012 წელს, სადღაც 3-4 თვეში, რომ ეჭვი შევიტანე კურსი იცვლებოდა ქვეყნისა. ამიტომ რა კომენტარი სჭირდება ამას. ის მიკვირს, დღეს დაინახეს „პატრიოტთა ალიანსის“ ეს პოზიცია, ამდენი ხანია ბურჯანაძე-ინაშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ოკუპანტის მომხრეობა, ხან ერთი დადის კოსაჩოვთან, ხან- მეორე. იცით, რაშია საქმე? გვეკითხებიან ხოლმე, აბა, დიალოგი არ უნდა იყოს რუსეთთან, ოკუპანტთან? ბატონებო, დიალოგის უფლება აქვს მხოლოდ დასავლეთის მომხრე ვექტორის ხელისუფლებას, რომელსაც ლეგიტიმური მანდატი მისცა ხალხმა და არა ერთ და ორპროცენტიან  პარტიებს, რომლებიც ყურში რაღაცებს ელაპარაკებიან ხან პუტინს, ხან კოსაჩოვს, ხან ვის, კაცმა არ იცის. როდესაც მოვა დასავლეთზე ორიენტირებული ხელისუფლება, საერთაშორისო ფორმატებით, შეგვიძლია ყველას ვესაუბროთ და დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები უკვე აღმშენებლობის გზით. მხოლოდ განვითარებულ, ძლიერ ქვეყანას შეუძლია დაიბრუნოს ტერიტორიები, არა მაჩანჩალა ქვეყანას, სადაც ხალხს უჭირს და ლუკმაპურისთვის იბრძვის“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განმარტებით, თურქეთის მიერ აჭარის ექსპანსია ხდება. პარტიის ლიდერი აჭარაში მსგავსი ბანერის განთავსებას სწორედ ამით ხსნის.