თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. ახალი გაერთიანების პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ხვალინდელი პრეზენტაცია ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება.
„ხვალ, 11:00 საათს დაველოდოთ მართლა, რადგან საინტერესო ამბავი იქნება ამომრჩევლისთვის. მგონია, რომ საზოგადოებისთვის კარგი და ახალი უნდა იყო. მე ასე ვუყურებ ამას. ვნახოთ, მოვიდეს ხვალ, 11:00 საათი და შემდეგ ვისაუბროთ. ჯერჯერობით მაჟორიტარებთან დაკავშირებით საერთოდ მიმდინარეობს კონსულტაციები. მართლა არ არის გადაწყვეტილი. მე კი ვიცი, რომ საბურთალოს რაიონში ვიყრი კენჭს. ამ ეტაპზე ზუსტად ვერავინ იტყვის, არ არის გადაწყვეტილი მიდის კონსულტაციები. ის 11:00 საათი, რომელიც ხვალ უნდა მოვიდეს, მგონია, რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება. დაველოდოთ ყველა ერთად“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
რაც შეეხება „ძალა ერთობაშიას“ დატოვების შესახებ დასმულ კითხვას, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ საერთო გადაწყვეტილება მიიღეს და ყველა მოვლენა საერთო საქმისკენ, სამომავლოდ დიდი გაერთიანებისკენ არის მიმართული.
„არა, არა, ასე არა. ჩვენ მივიღეთ საერთო გადაწყვეტილება ყველამ ერთად, რომ თუ რაიმე მოვლენას ექნება ადგილი, მხოლოდ დიდი, საერთო საქმისთვის, სამომავლოდ დიდი გაერთიანებისთვის და არავითარ შემთხვევაში დაშლისთვის. არც ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული დაშლისთვის, რაც საარჩევნოდ იქნება კარგი. როცა არჩევნებზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მაინც და მაინც მანდატებს, ვგულისხმობ საზოგადოდ ხალხის არჩევნებს, თითოეული ნაბიჯი იქნება დასავლური ვექტორისთვის გადადგმული და არავითარ შემთხვევაში დაშლისთვის. პირიქით, რაღაცა დიდი და საინტერესო გაერთიანებისთვის მზადდება და ნახავთ ხვალ, 11:00 საათზე, რომ ეს არ არის მზადება დაშლისთვის“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
კითხვაზე, რატომ არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ინფორმაცია ხვალინდელ ღონისძიებაზე, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, პოლიტიკოსები დაკავშირებულნი არიან მთავარი ღირებულებებით და არა ყველა საკითხში.
„არაუშავს, ეს არის ინდივიდუალური მუშაობა, ხომ ხვდებით. პოლიტიკოსები ყველა საკითხში ხომ არ ვართ ერთმანეთთან მიბმულები. ჩვენ ვართ იმ მთავარ ღირებულებებთან მიბმულები, რასაც ერქვა პროპორციული არჩევნები, სამართლიანი არჩევნები, დასავლური ვექტორი. აი ეს ბმა გვაქვს, თორემ ახლა ნაბიჯი არ გადავდგათ უერთმანეთოდ და არ ვისუნთქოთ, ეს არ არის დასავლური ღირებულებები. დასავლური ღირებულებები არის პროპორციული არჩევნები, არ გყავდეს პოლიტპატიმრები, ეს არის სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები. აი, ამაში ვართ ერთად და ახლა ნაბიჯს ვინ როგორ გადავდგამთ ერთმანეთისკენ, ასეთი ვალდებულება არც ერთ პარტიას არ ჰქონია არასოდეს ერთმანეთთან. ეს არის აბსოლუტურად პარიტეტზე რაღაც ურთიერთობები, ამიტომ ვამბობ, არაფერი არ ხდება ისეთი, რაც დააზიანებს დიდ საერთო ერთობას, გამორიცხულია. პირიქით, დიდ გაერთიანებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ის სახე, რაც აქვს „ძალა ერთობაშიას“, აღარ ექნება, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ შეიძლება უფრო დიდი გაერთიანება იყოს სამომავლოდ.
„ის სახე უკვე ვერ არის. თუ რაღაც უფრო დიდი გაერთიანება იქნება, უკვე ის სახე ვერ ექნება ხომ. შეიძლება, უფრო კიდევ დიდი გაერთიანება იყოს. ამდენად ვერ გეტყვით, რომ მაინც და მაინც ზუსტად იმ სახით, რადგან შეიძლება ისეთი მატება მოხდეს და ისეთი ინტერესი შეიძლება და არის, რომ ძალაუნებურად ის შეიძლება, უფრო შედარებით რაღაც მცირე გაერთიანება არ იყოს და უფრო დიდი გაერთიანება იყოს. ყოველ შემთხვევაში გაერთიანებისკენ იქნება, დიდი გაერთიანებისკენ ნაბიჯი და არავითარ შემთხვევაში დაშლისკენ. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ“, – დასძინა თაკო ჩარკვიანმა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ხვალ წარმოადგენენ გამარჯვების ფორმულას, ხოლო ხუთშაბათს იქნება კამპანიის სტარტი.
„11:00 საათზე მობრძანდით და გვექნება პრეზენტაცია იმ გადაწყვეტილების, რაც მივიღეთ. ხუთშაბათს უკვე გვექნება დიდი კამპანიის სტარტი. 11:00 საათზე ნახავთ იმ გამარჯვების ფორმულას, რომელიც ჩვენ დავდეთ და რომლითაც ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, რათა დამსხვრეული ოცნებების პარტია ჩამოვაშოროთ ქვეყნის მმართველობას, რომელმაც არც ერთი დაპირება არ შეასრულა, მოატყუა აბსოლუტურად ყველა, საშინელი უპერსპექტივობა, უმუშევრობა და უიმედობა მოიტანა ქვეყანაში. ყველაფერ ამაზე გვექნება საუბარი ხვალ, 11:00 საათზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, ვინ იქნება მის გვერდით ხვალინდელ პრეზენტაციაზე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „მობრძანდით 11:00 საათზე და ნახავთ, ვინ იქნება“.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ყველა მისმა კოლეგამ იცის.
„რასაც ვიტყვი ხვალ, 11:00 საათზე, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც ყველა კოლეგამ იცის, რა გადაწყვეტილებაა და როგორ. ხვალ, 11:00 საათზე შეგიძლიათ, ნახოთ“, – დასძინა გიორგი ვაშაძემ.
თაკო ჩარკვიანმა რამდენიმე დღის წინაც არ გამორიცხა, რომ გიორგი ვაშაძესთან საარჩევნო ბლოკი შექმნას.