თაკო ჩარკვიანი - არ გვაქვს ფუფუნება, გვერდზე გავწიოთ ორი ნათელი პოლიტიკოსი, გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე
თაკო ჩარკვიანი - არ გვაქვს ფუფუნება, გვერდზე გავწიოთ ორი ნათელი პოლიტიკოსი, გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე

სად არის ფუფუნება, ორი ნათელი პოლიტიკოსი, გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე გვერდზე გავწიოთ, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა მისი პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, მის პარტიას ყველასთან ექნება ურთიერთობა, მათ შორის გაერთიანებულ ოპოზიციასთანაც.

„ჩვენ ერთად არჩევნების მეორე ტური დავდეთ, რაზეა საუბარი. სად არის ქვეყანაში ფუფუნება, აქვს ხელისუფლებას ფუფუნება, რომ პოლიტიკიდან, დღევანდელი ხელისუფლებიდან გავწიოთ გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე? ორი ასეთი ნათელი პოლიტიკოსი გვყავდეს და გაწიო? ეს ხომ სისულელეა. რა თქმა უნდა, ერთად, ამისტები, იმისტები საქართველოისტები – ვიხუმრე“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, მისი ახალი პოლიტიკური გაერთიანება სრულიად დამოუკიდებელია.

„თქვენ შეგიძლიათ, ფინანსებიდან დაწყებული ყველაფერი ღია იქნება. ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ ფანჯრებიც კი რაღაცნაირად გამჭვირვალეა იქ, პირველ სართულზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიურთიერთებთ, აბა რა! ჩემი პირობა იყო იქ ერთი, თხოვნა და გაითვალისწინეს ეს პირადად ჩემს გუნდში. მე ვთქვი, რომ ძალიან რუსული ვექტორის პარტიებს, ვფიქრობ, იმდენად განსხვავებული პლატფორმა გვაქვს, არ იქნება ეს ყრილობა მათთვის საინტერესო და ამიტომ არ მგონია, რომ ისინი უნდა დავპატიჟოთ-მეთქი. დანარჩენი, უკლებლივ ყველა მოვა დღეს პარტიის დაფუძნების ყრილობაზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.