თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძე არ საუბრობს პარლამენტში შესვლაზე, თუმცა თავს იკავებს სიის ჩახსნისგან
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი იმყოფება.
მისი თქმით, ის მანდატზე უარის თქმას აპირებს და პარტიის ლიდერებთან, რომლებთან ერთადაც საარჩევნო ბლოკი შექმნა, ამ რჩევის მოსაცემად მოვიდა.
„ეს არის ერთგვარი ფორმა, აქტი, პატივისცემა იმ ამომრჩევლისა, რომელმაც ჩვენ იმიტომ მოგვცა ხმა, რომ ამ ქვეყანაში არასდროს აღარ გაყალბდეს არჩევნები. რაც შეეხება საპირწონედ პოლიტპატიმრების დაყენებას, ჯერ ეს ერთი, არც არავინ გვთავაზობს ამას და რომც ყოფილიყო ასეთ შემოთავაზება, ამაზე უფრო უხერხული, არაფერი არ არის. პირადად მე პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ არასდროს გაყალბდეს არჩევნები და იყოს მრავალპარტიული სისტემა, ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრები, საერთოდ არ გვეყოლება ქვეყანაში, ასე რომ საპირწონედ ვერაფრით ვერ დავაყენებთ. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ოპოზიციამ უკვე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პროკურატურას მივაკითხეთ, რადგან მივედით და მოქმედებაში მოვიყვანეთ ჩვენი წინადადება, რომ გაყალბდა. მივმართეთ პროკურატურას, მათ შორი სტრატეგია აღმაშენებელმა შეიტანა ოქმები პროკურატურაში, ეს არ არის სახუმარო, ჩათვალეთ რომ ჩადენილია დანაშაული, ხოლო დანაშაულის ჩამდენთან იყო გარიგებაში, ის გიყენებდეს პირობებს და გევაჭრებოდეს, ეს აბსოლუტურად თანამონაწილეობას ნიშნავს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანი იმედოვნებს, რომ გიორგი ვაშაძე მიიღეს სწორ გადაწყვეტილებას.
„გიორგი ვაშაძე არ საუბრობს შესვლაზე, აქ არის საუბარი სიის ჩახსნასთან დაკავშირებით. მე მესმის მისი პრაგმატული გადაწყვეტილება, გიორგი ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ რაღაც ცუდი ზრახვები აქვს. უბრალოდ, მის პრაგმატულობას ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ხელისუფლება და ხალხი გააფორმებს შესვლად. ეს სწორი იქნება ხალხის მხრიდან და ფორმირდება შესვლად, ამიტომ მე გულწრფელად ვურჩევდი ჩემს მეგობარს, რომელიც ჩემი სხვა გადაწყვეტილების მიუხედავად, მუდმივად ჩემი მეგობარი იქნება, უბრალოდ გიორგი ახალგაზრდა ადამიანია და უფრო პრაგმატულად შეხედა, მაგრამ დიქტატორთან, გამყალბებელთან, დამნაშავესთან საუბარი პრაგმატულად, არასამართლებრივად არ შეიძლება და სახელმწიფოებრივად არასწორია. ეს არის ჩემი მეგობრული რჩევა და მგონია, გიორგი ისეთი ჭკვიანია, რომ ამას გაითვალისწინებს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.