ტაივანში მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. კენჭისყრა 13 იანვარს გაიმართება.
საარჩევნო მარათონის ფავორიტი „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ კანდიდატი უილიამ ლაია, თუმცა მისი გამარჯვება გარანტირებული არ არის. ლაი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებს მოუწოდებდა სწორი მხარე აირჩიონ, რათა ტაივანმა სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. ამასთან ერთად, ლაი აცხადებს, რომ ჩინეთთან დაპირისპირება არ სურს.
ლაის მთავარი კონკურენტი ჰოუ იუია, რომელიც ტაივანში სიდიდით მეორე პარტიის კანდიდატი და ტაიბეის ყოფილი მერია. ის აცხადებს, რომ დემოკრატიული პროგრესული პარტიის კანდიდატი ლაი ტიავნის ჩინეთთან ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.
საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობს ტაივანის სახალხო პარტიის კანდიდატი კე ვენჩჟე, რომელიც ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყოფილი ექიმი პოლიტიკაში 10 წლის წინ მივიდა. 2014 წელს ის მხარს უჭერდა ე.წ. მზესუმზირების მოძრაობას, როდესაც სტუდენტები ტაივანში ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. თუმცა, მას შემდეგ ვენჩჟეს პოლიტიკური კურსი შეიცვალა. საარჩევნო კამპანიის დროს ის „დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას“ „ომის პარტიას“ უწოდებდა.
სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტაივანის მოქალაქეთა დიდი ნაწილი კუნძულის სტატუს კვოს შენარჩუნების მომხრეა. ეს ნიშნავს, რომ ტაივანმა არც დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს და არც ჩინეთს შეუერთდეს.
13 იანვრის არჩევნებზე ჩინეთის ფაქტორი გადამწყვეტია. პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ჩინეთში აცხადებენ, რომ ტაივანი თუ ფორმალური დამოუკიდებლობის შესახებ დაიწყებს საუბარს, მაშინ პეკინი ზომებს მიიღებს.