ტაივანის ადმინისტრაციის განცხადებით, ჩინეთი კუნძულზე სრულმასშტაბიან შეჭრას 2025 წლისთვის შეძლებს
ტაივანის ადმინისტრაციის განცხადებით, ჩინეთი კუნძულზე სრულმასშტაბიან შეჭრას 2025 წლისთვის შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ტაივანის თავდაცვის მინისტრ ჩიუ კუო-ჩენის ინფორმაციით, ჩინეთთან სამხედრო ურთიერთობები ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
ტაივანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რაკეტებისა და სამხედრო გემების შესაქმნელად, ადმინისტრაცია რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების კანონპროექტის განხილვას გეგმავს.
პოლიტოლოგების ვარაუდით, პეკინი სულ უფრო შეშფოთებულია, რომ ტაივანის ადმინისტრაციას კუნძული ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მიჰყავს და სურს, რომ კუნძულის ხელმძღვანელობა შეაკავოს. ტაივანის ბევრი მოკავშირე დასავლეთში შეშფოთებას გამოთქვამს ტაივანის მიმართულებით ჩინეთის სამხედრო ძალის დემონსტრირების გამო.
ბოლო პერიოდში, ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავების მასშტაბური შესვლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.