ტაივანი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ასამბლეაში მონაწილეობას არ მიიღებს
ტაივანი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ასამბლეაში მონაწილეობას არ მიიღებს

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად მათი მონდომებისა, ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე მაინც არ მიიწვიეს. ამის მიზეზად ტაივანში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე ჩინეთის მხრიდან წნეხს ასახელებენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ასამბლეაში მონაწილეობით მსოფლიოსთვის „კოვიდ-19“-ის შეჩერების საკუთარი წარმატებული პრაქტიკის გაზიარება სურდათ. ტაივანში „კოვიდ-19“-ის მხოლოდ 440 შემთხვევა არის დაფიქსირებული, მათგან ფატალური მხოლოდ შვიდი აღმოჩნდა.

„როიტერი“ წერს, რომ ტაივანის წარმატების მთავარი განმაპირობებელ ფაქტორად ადრეულ ეტაპზე მიღებული შემაკავებელი ზომები და პრევენციის კუთხით გატარებული რეფორმები მიიჩნევა. ჩინეთი, რომელიც ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს, ასამბლეაზე მის დამოუკიდებელ წევრად დასწრებას ეწინააღმდეგება.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ძლიერ უკმაყოფილოა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამდივნოს გადაწყვეტილებით, რომელიც ჩინეთის მხრიდან წამოსული ზეწოლის ქვეშ მოექცა და ტაივანის 23 მილიონი მცხოვრების ჯანმრთელობის უფლება უგულებელყო“ – განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ.

ოფიციალური ტაივანის განცხადებით, საკითხის განხილვა წლის ბოლომდე გადაიდება, რათა ასამბლეამ ახალ კორონავირუსზე კონცენტრირება მოახერხოს.