„თაიმსი“ - ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, „კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტის შვილი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი გახდება 
„თაიმსი“ - ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, „კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტის შვილი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი გახდება 

„კა-გე-ბეს“ აგენტის შვილის ბრიტანეთის ლორდთა პალატაში მოხვდება, – ამ სათაურით სტატიას „თაიმსი“ აქვეყნებს. საქმე ეხება ბრიტანეთის მოქალაქე ევგენი ლებედევს, რომელიც ცნობილი ბრიტანული გამოცემების „ივნინგ სტანდარტისა“ და „ინდეფენდენტის“ მფლობელია.

მისი კანდიდატურა დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა წარადგინა.

როგორც „თაიმსი“ წერს, ევგენი ლებედევი არის რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ აქციონერის, ალექსანდრ ლებედევის შვილი, რომელიც წლების წინ რუსეთის საგარეო დაზვერვაში მუშაობდა. 1991 წელს ის სამსახურიდან წავიდა და კომერციულ საქმიანობას მიჰყო ხელი.

როგორც ცნობილია, ევგენი ლებედევს კარგი ურთიერთობა აქვს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. ის იმყოფებოდა წვეულებაზე, რომელიც არჩევნებში „კონსერვატორების“ გამარჯვების შემდეგ მოაწყვეს.

ევგენი და ალექსანდრ ლებედევის შესახებ ბრიტანული მედია ერთი კვირის წინ წერდა, როდესაც გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც ბრიტანეთში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე იყო საუბარი. ამ დოკუმენტში იყო საუბარი „რუს ოლიგარქებზე“, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან არიან დაახლოებული და ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში წარმატებული ინტეგრაცია შეძლეს. „სანდეი თაიმსმა“ ერთ-ერთ მაგალითად ევგენი ლებედევი დაასახელა.

„ბიბისის“ ცნობით, ლებედევი იმ 36-კაციანი სიაში მოხვდა, ვისაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის წარდგინებით პერის წოდებასა და ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ადგილს მიიღებს. ლებედევის გარდა, ნუსხაში ასევე არის ბორის ჯონსონის ძმაც, რომელმაც შარშან დატოვა ბრიტანეთის მთავრობა, რადგან ბრექსითის საკითხზე ძმის პოზიციას არ ეთანხმებოდა. სიაში ასევე არის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის მეუღლე ფილიპ მეი, ბორის ჯონსონის სტრატეგიული მრჩეველი ედი ლისტერი და „კონსერვატორების“ დონორი მაიკლ სპენსერი.

ნუსხის გამოქვეყნებას ბრიტანულ მედიაში არაერთი კრიტიკული სტატია და კომენტარი მოჰყვა.