„თაიმსი“ - აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის „სთორმ შედლუსის“ რაკეტების გამოყენების უფლებას მისცემენ, თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთდება
„თაიმსი“ - აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის „სთორმ შედლუსის“ რაკეტების გამოყენების უფლებას მისცემენ, თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთდება

„თაიმსის“ ცნობით, აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის „სთორმ შედლუსის“ რაკეტების გამოყენების უფლებას მისცემენ, თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთდება.

როგორც ბრიტანული გაზეთი წერს, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელობის ფაქტორის შენარჩუნების მიზნით არ გამოცხადდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანული და ამერიკული მხარე დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ რუსეთზე „სთორმ შედოუსის“ რაკეტებით დარტყმის ნებართვის მიცემის შესაძლებლობას.

სავარაუდოდ, ამ საკითხზე გადაწყვეტილების გამოცხადება იგეგმებოდა ორივე ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების კიევში ერთობლივი ვიზიტის დროს, რომელიც გასულ კვირას შედგა, თუმცა რამდენიმე დეტალზე შეუთანხმებლობის გამო მხარეები დისკუსიების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ თავს იკავებს ამ ნებართვის გაცემისგან, ვიდრე არ გაეცნობა „გამარჯვების გეგმას“, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრისას აპირებს.

„თაიმსი“ წერს, რომ უკრაინამ „სთორმ შედოუსის“ რაკეტებით რუსეთზე დარტყმების განხორციელების ნებართვა, შესაძლოა, სწორედ მომავალ კვირას მიიღოს და ეს იქნება არასაჯარო გადაწყვეტილება, რათა რუსეთს რეაგირების შესაძლებლობა შეეზღუდოს.