„თაიმს ოფ ისრაელ“ - ემანუელ მაკრონმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ანექსიისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ანექსიისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიების ანექსირება საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ისრაელისა და პალესტინელებს შორის სამართლიანი და გრძელვადიან მშვიდობის დამყარების, ასევე „ორი სახელმწიფოს“ გადაწყვეტის მიღწევის შანსებს რისკის ქვეშ დააყენებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, ებრაული დასახლებების და იორდანეს ველის ანექსირების პროცესი პირველ ივლისს უნდა დაწყებულიყო. გასულ თვეს 1 000-ზე მეტმა ევროპელმა კანონმდებლებმა ისრაელს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის გეგმების გაუქმებისკენ ოფიციალური წერილით მოუწოდეს.