„თაიმსი“ - უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ და ევროკავშირის წევრების საზღვაო ინდუსტრიამ 2023 წელს რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტის 90 პროცენტზე მეტი დაამუშავა
„თაიმსი“ - უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ და ევროკავშირის წევრების საზღვაო ინდუსტრიამ 2023 წელს რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტის 90 პროცენტზე მეტი დაამუშავა

უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების საზღვაო ინდუსტრიამ, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ და ევროკავშირის წევრებმა, 2023 წელს დაამუშავა რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტის 90 პროცენტზე მეტი, 15.5 მილიარდი ევროს ღირებულებით, – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.

რუსული საზღვაო თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის 96 პროცენტი მიდიოდა მდიდარი ქვეყნების ჯგუფში, რომელთა შორის არიან ავსტრალია, ნორვეგია და შვეიცარია. შედარებისთვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 93 პროცენტი იყო.

ექსპერტები ამბობენ, რომ მიწოდების ზრდა ხაზს უსვამს იმ სირთულეებს, რომლებსაც დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით, ევროკავშირში აწყდება რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების შეზღუდვისას. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე გათხევადებული ბუნებრივი აირის წარმოების გაფართოება იყო რუსეთის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ხაზი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფინეთის მთავრობა რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის დასაწესებლად ემზადება, საუბარია 2025 წელზე. რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიმტანი ტანკერების ნაკადი პორისა და თორნიოს ტერმინალებში, შესაძლოა, შეწყდეს უკვე მომავალ წელს.