სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს
„კოვიდ-19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518 მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებში.
„ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთში მობილიზება მოხდა ტრანსპორტის მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაში მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო ადგილზე მყოფი მოქალაქეების ესკორტირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საკარანტინო ზონების მიმართულებით.
ზემო სვანეთიდან ტურისტების მიმდებარე რეგიონების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის და ადგილზე გადაკეთებულ საკარანტინო სივრცეებში მათი განთავსების საკითხების დროულ მოგვარებაში აქტიურად იყო ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერია“, – აცხადებენ უწყებაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანას. საჭიროების შემთხვევაში სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება.
ამ ეტაპზე სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია შემდეგი სასტუმროები: ბანგურიანი, თეთნულდი, ჩუბუ, ელიტჰაუზი, პლაზა მესტია, ოლდჰაუზი, ფოსტა, სვანსეტი, სვანეთი, უშბა, რივერსაიდი, სანთაუერი, სანსეტ ტერასა, ნინო რატიანი, გერა, დავით ჟორჟოლიანი, მანონი, ბაპშა, შალე, ელტური. ამ სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში სულ 340 ნომერია, საიდანაც 182 ოთახი დაკავებულია, ხოლო 158 თავისუფალია.
ამჟამინდელი მონაცემებით, სვანეთში 128 მოქალაქე მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონებში სხვადასხვა სასტუმროებიდან გადაიყვანეს, 215 ადამიანი კი, დარჩა არსებულ სასტუმროებში, რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა.