შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული კ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მესტიის რაიონის სოფელ ლატალში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს, ხოლო 1987 წელს დაბადებული კ.თ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ.თ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში მკვლელობა გუშინ გვიან ღამით მოხდა.