სვანეთის მოსახლეობის ნაწილმა მესტიის სოფელ იელიში ერთ-ერთი კომპანიის მიერ ოქროს ქიმიური გზით მოპოვება გააპროტესტა
სვანეთის მოსახლეობის ნაწილმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელიში ერთ-ერთი კომპანიის მიერ ოქროს მოპოვება გააპროტესტა.
მათი თქმით, ოქროს ქიმიური გზით მოპოვება რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაუქმდეს 2006 წელს გაცემული ლიცენზია და „ოპტიკალ სისტემს“ არ მიეცეს სამუშაოების განახლების შესაძლებლობა.
კომპანიამ მუშაობა სამი თვის წინ მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყვიტა. შეკრებილები აცხადებენ, რომ სამუშაოების განახლების შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილობრივებსა და დასაქმებულებს შორის დაპირისპირება მოხდეს.
კულტურის ცენტრ „მუზაში“ შეკრებილები ხელისუფლების მისამართით პეტიციის მომზადებასაც გეგმავენ.
კომპანია „ოპტიკალ სისტემს“ ადგილზე საწარმოს მშენებლობასაც გეგმავს, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროს მშენებლობის ნებართვაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.