სუს-ის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი და სხვა პარტნიორი ქვეყნების ატაშეებს შეხვდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეების ასოციაციის წევრებს შეხვდნენ, რომელთა შორის იყვნენ ნატო-ს წევრი და სხვა პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები.
სუს-ის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა ასოციაციის წევრებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარების შესახებ. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ატაშეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 ქვეყნის დიპლომატს აერთიანებს. ასოციაციის წევრები, წლიური გეგმის ფარგლებში, პერიოდულად ახორციელებენ შეხვედრებს სხვადასხვა უწყებასა და სამსახურში, მათი საქმიანობისა და უსაფრთხოების ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრები აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და ჩინეთიდან, ასევე ესწრებოდა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი. სამხედრო ატაშეების ასოციაციის თავმჯდომარემ, პოლკოვნიკმა ვალერიკა პიროშკამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ასოციაციის სახელით მადლობა გადაუხადა საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის