სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლები დაინტერესდნენ ეთერში გასულ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაციით. როგორც ნოდარ მელაძემ განმარტა, ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის შესახებ მან არ მისცა ჩვენება.
„პირველი ნაწილი კითხვების ეხებოდა, როდის გავიგე, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა, მქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გიორგისგან, ხომ არ უთქვამს მანამდე, რომ იყო თვალთვალის მსხვერპლი ან ხომ არ გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით, პირველად როდის მივიღე ინფორმაცია ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით. სუს-ს აინტერესებდა, ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ, ვინმემ ხომ არ დაგვავალა ან გვთხოვა. აინტერესებდათ, არის თუ არა ჩვენთან შენახული პირველადი ფორმით, ანუ ვიდრე სატელევიზიო გრაფიკად მოხდებოდა ადაპტირება დოკუმენტების, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, რა შინაარსის დოკუმენტებია ჩვენს ხელში, გვაქვს თუ არა კიდევ სხვა დოკუმენტები, რომელიც ჯერ არ გაგვისაჯაროებია ეთერში და ვგეგმავთ თუ არა, კიდევ ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას ამ თემაზე. ყველა ამ კითხვაზე პასუხია ერთი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ არ მივცეთ ჩვენება, ასეც ჩაიწერა ჩვენებაში. აინტერესებდათ, არის თუ არა პირველადი ფორმით დოკუმენტები, რომელიც მოვიპოვეთ. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ როდესაც მზადდება რეპორტაჟი და გადის ეთერში, ეს დოკუმენტები წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე პირველადი ფორმით აღარ ინახება. სუს-ს აინტერესებდა, კიდევ ხომ არ გვაქვს დამატებითი დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც ვგეგმავთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ჟურნალისტური გამოძიების მეორე სერია გვექნება შაბათს ეთერში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალით, თუმცა ამ ეტაპზე რა გვაქვს მოპოვებული და რის მოპოვებას ვგეგმავთ, არ ვართ ვალდებული, ვისაუბროთ. როდესაც გაიმართა ნიკა გვარამიას ბრიფინგი და ამის შემდეგ გაავრცელა სუს-მა განცხადება, ამ განცხადებიდან ჩვენ გავიგეთ, რომ ვერაფერი ვერ გავიგეთ. პრაქტიკულად, ვერაფერი ვერ გავიგეთ ჟურნალისტებმა. ვიცით, რომ მზადდება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გადაცემის წამყვანის ლიკვიდაცია და არ ვიცით არაფერი. ამ დროს იწყებენ ჟურნალისტები ჟურნალისტურ გამოძიებას და შესაძლოა, გაარკვიონ იმაზე მეტი, ვიდრე ოფიციალური უწყებები ავრცელებენ. კითხვების შინაარსიდან გამომდინარე რომელიც ისმოდა, მე დამრჩა განცდა, რომ ამ რეპორტაჟიდან მათ ბევრი ახალი ამბავი გაიგეს. კითხვა იყო ბევრი, პასუხი იყო ერთი“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ნოდარ მელაძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, გამოკითხვის პროცედურა გამჭვირვალედ ჩატარდა.
„საკმაოდ გამჭვირვალედ ჩატარდა გამოკითხვის პროცედურა. ქვეტექსტები ამ შემთხვევაში მე არ მინახავს. ამ გამომძიებელს რეალურად მართლა ევალებოდა, საქმიდან გამომდინარე ლოგიკურად დაესვა ის კითხვები, რაც ჩვენს მიმართ იქნა გამოყენებული, შესაბამისად ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რისი მიწოდების ვალდებულებაც გაგვაჩნდა. რაც შეეხება ინფორმაციის წყაროს, ეს კანონით არის დაცული და ამის გამჟღავნების ვალდებულება ჩვენ არ გაგვაჩნია, შესაბამისად ინფორმაცია ამ ნაწილში ჩვენ გამოძიებისთვის არ მიგვიწოდებია და არც მომავალში ვაპირებთ“, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ასევე, ნოდარ მელაძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ სუს-ი გადაცემაში გასული სხვა რეპორტაჟებითაც დაინტერესდება, მათ შორის მელაძის განცხადებით კორუფციის ფაქტებსა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯებზე.
ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
საქმესთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია და ჟურნალისტი გიორგი გაბუნია.