სუს-ი - საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს იყენებდნენ, რომლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენდა
სუს-ი - საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს იყენებდნენ, რომლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენდა

2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ თავშია აღნიშნული.

სუს-ის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას; ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას; მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას; საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას.

როგორც ანგარიშშია  ნათქვამი, „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება.

„საანგარიშო პერიოდში „ჰიბრიდული ომის“ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია. ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს ასევე წარმოადგენს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მათ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფების მიერ სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება“, – მითითებულია ანგარიშში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება-განეიტრალების მიმართულებით.

ანგარიშის თანახმად, გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილ იქნა „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება.

როგორც სუს-ი განმარტავს, 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, დაინტერესების სფეროების, მათ მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების დადგენისა და შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებების გატარებისკენ. ამასთან, აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი ორგანიზაციების, ცალკეული პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენის, მათგან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთისკენ.

„საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები“, – ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, დესტაბილიზაციის, არეულობის ცალკეული კერების შექმნისა და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა, ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა.