სუს-მა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს განახორციელა შეტყობინება ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.
მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში, კანონმდებლობის შესაბამისად, კონტრტერორისტული პროტოკოლით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის სპეციალური ღონისძიებები გაატარეს, რის შედეგადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა გამოირიცხა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით აწარმოებს, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში, სასწავლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებული ცრუ შეტყობინების ათეულობით ფაქტი.
კონტრტერორისტული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ შეტყობინებების დიდი ნაწილი განხორციელებულია საზღვარგარეთიდან. იდენტიფიცირებულია კონკრეტული ქვეყნები, ელექტრონული ფოსტები და IP მისამართები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მოქმედებს ცრუ შეტყობინებების უკან მდგომი პირებისა და პირთა ჯგუფების იდენტიფიცირების მიზნით.
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აქტიურ ფაზაში აგრძელებს. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტებზე იქნება საკმაოდ მკაცრი.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.