სუს - ლომისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ.
როგორც პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„ვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს მათი გათავისუფლება“, – აცხადებენ სუს-ში.
შეგახსენებთ, ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა ორი ადამიანი დააკავეს. პირველი არხის ინფორმაციით, გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.