სუს-ის წარმომადგენელი ტერორიზმის თემაზე ეუთო-ს ორგანიზებული ეროვნული სემინარის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა
თბილისში ეუთო-სა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ორდღიანი ეროვნული სემინარი გაიხსნა, რომელიც ეძღვნება ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის (VERLT) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საზოგადოების ყოველმხრივი ჩართულობის მიდგომას. ეს ეუთო-ს მიერ ქვეყანაში მსგავსი სემინარის ორგანიზების პირველი შემთხვევაა.
სემინარს ესწრება 70-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები კანადიდან, ფინეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან, ასევე ეუთო-ს სამდივნოს გენდერის საკითხების დანაყოფიდან და ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის ტერორიზმის წინააღმდეგ ქმედებათა დანაყოფიდან.
მონაწილეები ჩაერთვებიან ორდღიან დისკუსიაში, რომელიც მოიცავს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, ასევე ტერორიზმის გამომწვევ ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან (VERLT) დაკავშირებულ გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავების მიმართულებით საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ხელისუფლებას შორის ნდობის განმტკიცების მნიშვნელობას.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ნანა ბერიძემ საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
„აღნიშნული საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და მრავალმხრივ ჩართულობას, რაც მოიცავს სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიური და კულტურული ორგანიზაციების აქტიურ თანამშრომლობას, ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის სხვადასხვა გამოვლინებასთან ბრძოლის მიზნით.
საქართველოს მთავრობის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახლად დამტკიცებული ეროვნული სტრატეგია ეფუძნება საზოგადოების ყოველმხრივ ჩართულობას და მკაფიოდ განსაზღვრავს ტერორისტული ორგანიზაციების, ექსტრემისტული ჯგუფებისა და მათი ცალკეული მხარდამჭერებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებისთვის, სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებების გზებს“, – განაცხადა ნანა ბერიძემ.
ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებასა და კარგ პრაქტიკას ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის (VERLT) პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც მოიცავს საპოლიციო სამსახურებსა და ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გენდერის, ახალგაზრდობისა და რელიგიის საკითხებს, რათა გამოიკვეთოს ის გზები, რომელთა საშუალებითაც საქართველო მთელს იდეოლოგიურ სპექტრთან მიმართებით უზრუნველყოფს მრავალმხრივ ჩართულობას ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიმართულებით.
სემინარი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთო-ს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შედეგია. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახლად შემუშავებული სტრატეგიის კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ გამოხატა ინტერესი ეუთო-ს მიერ მხარდაჭერილი სემინარის მიმართ, რაც დაეხმარება ქვეყნის მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოების პრაქტიკოსებს ეფექტურად გაუმკლავდნენ ტერორიზმის გამომწვევ ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად.