სუს-ის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ისინი ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდებიან.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება.
სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის დაკავება.
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე 17 აგვისტოს დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.